ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევროპის დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა.
მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა ესწრებოდა. ცანავამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჰიბრიდული ომზე, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა ინაური. მან მონაწილეებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ინფორმაცია მიაწოდა.
ევროპის დღეების ფარგლებში სიმბოლური გარბენი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში გაიმართა, ხოლო საინფორმაციო აქცია მოეწყო ზუგდიდში.
გარდა ამისა, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. მოეწყობა კულტურული და საგანმანათლებლო გამოფენა.
ევროპის დღეები 5 მაისს, ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები