ზუგდიდში, დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერისას ინცინდენტში ბრალდებულ “ოდიშის” წამყვანს ლევან თორიას,მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ოდენობით
გირაო შეეფარდა,
თუმცა ფულადი თანხის ნაცვლად შეუძლია უზრუნველყოს უძრავი ქონებით. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენა აშკარაა, თუმცა საქმის მსვლელობისას გამოჩნდება, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება. პროკურატურამ სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართა. თავად თორია, რომლის მიმართაც გამოძიება სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი მტკიცებით, თორია სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, ადვოკატის თქმით, თორია იძულებული იყო, თავი დაეცვა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ, უკიდურეს შემთხვევაში კი, განისაზღვროს გირაო მინიმალური ოდენობით. ბრალდებულმა ლევან თორიამ კი პროცესზე გაიხსენა 14 მაისს მომხდარი ინცინდენტი.
“მოვარდნენ, იქნევდნენ ხელ-ფეხს, მეც მომხვდა ფეხი და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იძულებული ვიყავი, თავი დამეცვა. ამის შემდეგ კი, კადრებშიც ჩანს, რომ ვცდილობდი, გავრიდებულიყავი სიტუაციას”,-თქვა მან. პროკურორის ილია ტორუას განმარტებით კი, თორია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა. “სიტყვიერი შეურაცხყოფით გაბრაზებულმა ლევან თორიამ ჩაიდინა კონკრეტული პირის მიმართ ძალადობა, რაც გამოძიების ამ ეტაპზე გამოიკვეთა”,-დასძინა ტორუამ.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა, მეორეს მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
ამავე თემაზე:
ფიზიკური დაპირისპირება დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერის დროს (ვიდეო)
„ოდიშის“ ჟურნალისტს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს
მასალის გამოყენების პირობები