2019 წლის 12 სექტემბრიდან ზუგდიდის მერიაში 25 თანამშრომელი აღარ იმუშავებს. ისინი მობილობის პროცესში ჩაერთნენ, მანამდე კი მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობენ.
მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ამანათიძის ინფორმაციით, სულ შემცირებულია 37 საშტატო ერთეული, თუმცა თანამშრომლების ნაწილი სხვა ვაკანტურ პოზიციებზე გადაიყვანეს.
„თუკი გამოჩნდა იგივე და ტოლფასი პოზიცია, ეს პირები რჩებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში და შესაბამისად,დაიკავებენ ამ პოსტებს სურვილის შემთხვევაში. ცვლილება ეხება თითქმის ყველა სამსახურსა და განყოფილებას. რაც შეეხება გაუქმებულ განყოფილებებს, თანამშრომლების ნაწილი სხვა პოზიციებზე განაგრძობს მუშაობას. შემცირება არ შეხებია არცერთი სამსახურის უფროსს, თუმცა ვაკანტურია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და არქიტექტურული სამსახურის, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის პოზიციები“, - აღნიშნა ამანათიძემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის მიერ შემუშავებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი 25 ივლისს
დაამტკიცა, რის მიხედვითაც, 12 სექტემბრიდან მერია ათის ნაცვლად ცხრა სამსახურით იმუშავებს. გაუქმდა ან ერთმანეთს შეუერთდა რამდენიმე განყოფილება.
პარალელურად,
171 ათასი ლარით შემცირდა სახელფასო ფონდი, თუმცა, ამავე დროს, პროფესიულ საჯარო მოხელეებს ხელფასები 50-დან 300 ლარამდე თანხით
გაეზარდათ.
მასალის გამოყენების პირობები