საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანაკლიის პორტი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ის პოლიტიკური სპეკულაციების საკითხი
არ უნდა გახდეს. გახარიას თქმით, სახელმწიფო პორტის პროექტს მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს.
"ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი: ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული. არც ერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია,"- განაცხადა გახარიამ.
ამავე თემაზე:მამუკა ხაზარაძე: გიორგი გახარია ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო
მასალის გამოყენების პირობები