ახალი ამბები
სასულიერო პირი ზუგდიდში ღვთისმშობლის ფრესკის შესაძლო განთავსებაზე მოქალაქეს პასუხობს
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია კემულარია ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილში გაჩენილ კითხვებს პასუხობს. კერძოდ, სასულიერო პირი მოქალაქე არჩილ თოდუას მიერ ერთ-ერთი ფეისბუქ პოსტის ქვეშ დატოვებულ მოსაზრებებს და კითხვებს გამოეხმაურა. შესაბამისი წერილი რადიო „ათინათმა“ დეკანოზისგან მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

‒ ჯერ დაანონსდა საჯარო განხილვა იქნებაო, რაც თავისთავად გულისხმობდა ნიშის თუ პანოს დადგმის საჭიროების განხილვას. თუმცა არათუ განხილვა, დასადგამი მონუმენტის ფორმაც უკვე შერჩეული გქონიათ, ვინ არის მოქანდაკე თუ ამ დიზაინის ავტორი? რამდენად უხდება იქაურ გარემოს და ა. შ. ეს კითხვები ხომ უნდა დაისვას? (არჩილ თოდუას კითხვა)

კითხვის ამ ფორმით დასმა ლოგიკური იქნებოდა, თუ ჯერ დაიდგმებოდა მოზაიკური გამოსახულება და მერე ვინმე დაიწყებდა გამოკითხვას, აბა როგორ მოგწონთო. პროექტის, უფრო სწორად კი ესკიზის დამზადება ჯერ არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. მით უფრო, რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ეპარქია ცალმხრივად, არამედ ქალაქის ხელმძღვანელობასთან და საზოგადოებასთან შეთანხმებით. ავტორმა ისე დასვა კითხვა, რომ წინასწარვე შექმნას უარყოფითი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლობასა და თვითნებობაში დაადანაშაულოს.

პროექტი დამზადდება ქართველი და ევროპელი სპეციალისტებისაგან შემდგარი კომპეტენტური ჯგუფის მიერ. ხოლო ის, რასაც ვხედავთ გამოსახულებაში, არის პირველადი ესკიზი.

იმაზე სამსჯელოდ, თუ რამდენად შეესატყვისება ამ ნიშის დადგმა ქალაქის მკვიდრთა მრწამსსა და გემოვნებას, იქნება მსჯელობა 20 თებერვალს, 18 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ეს შეხვედრა სწორედ, რომ განხილვას ისახავს მიზნად და საზოგადოებაში უარყოფითი ფონის წინსწრებით შექმნის მცდელობა კონსტრუქციული დიალოგის სურვილის არქონის გამოხატვაზე მიანიშნებს.

‒ სეკულარულ სახელმწიფოში თუ ვცხოვრობთ რამდენად სწორია რელიგიის ამ მასშტაბით დომინირება? (არჩილ თოდუას კითხვა)

საქართველოს კონსტიტუციაში არსად არის ნახსენები ცნება „სეკულარული“. სეკულარიზმი არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში რაციონალურ არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობას, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების განცალკევებას. რა ფორმითა და დოზით იქნება გამოყენებული სეკულარული მიდგომები, დამოკიდებულია საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე. მცდელობა, რომ საქართველოს რეალობაში სეკულარული პრინციპები ხორციელდებოდეს ფრანგული ლაიციზმის ფორმით, არ შეესაბამება ჩვენი ერის ტრადიციასა და აწმყოს. სამწუხაროდ, სეკულარული სახელმწიფოს იდეა ჩვენში იძენს მებრძოლი ათეიზმის, რელიგიურობის ყოველგვარი გამოვლინების მძაფრი მიუღებლობის სახეს.

კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლში ვკითხულობთ: აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებების „შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ ნუთუ ღმრთისმშობლის გამოსახულების აღმართვა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ვნებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან არღვევს მათი მრწამსის თავისუფლებას?

გარდა ამისა, არ არის მართებული საქართვლოში რელიგიის დომინირებაზე საუბარი. ან სად ჩანს ეს დომინირება ქვეყანაში, რომელშიც უფრო და უფრო მძლავრობს უზნეობა, გაუტანლობა, დაუნდობლობა, სიცრუე?

თუ სეკულარიზმის პრინციპის ავტორისეულ ინტერპრეტაციას მივყვებით, მაშინ უნდა აიკრძალოს ჯვრების აღმართვა, ახალი ეკლესიების ტრადიციული არქიტექტურული ნორმებით აგება (ესეც ხომ რელიგიის ქადაგებაა) და ა.შ.

‒ ეს ქალაქი მარტო ორთოდოქსი ქრისტიანების საკუთრება ხომ არაა? სხვებისაცაა, სხვა რელიგიების წარმომადგენლების, მათ შორის, ათეისტებისაც და ეს საკითხიც ყველას აზრის გათვალისწინებითაა გადასაწყვეტი. (არჩილ თოდუას კითხვა)

სწორედ სხვათა აზრის გასათვლისწინებლად არის დაგეგმილი საკითხის საჯარო განხილვა.

გაუგებარია, რა უნდა დაუშავდეს ათეისტს ღმრთისმშობლის გამოსახულების დანახვისას? თუ ეს მას შინაგანად აცოფებს, ეს არ არის გამოსახულების ბრალი და გარკვეული პროფილის სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს. რატომღაც, არავინ ეკითხება ქრისტიანებს, რას განიცდიან ისინი სოდომიტების პარადების დროს, უზნეო სანახაობების გაუთავებელი დემონსტრაციით მედიასაშუალებების მიერ, არავინ ინტერესდება მათი უფლებების ისევე დაცვით, როგორც იცავენ ათეისტებისას. ათეისტს არავინ აძალებს ლოცვას, მარხვას, ბიბლიის კითხვას, მაგრამ, მათი არსებობა ვერ იქნება საბაბი რელიგიასთან დაკავშირებული სიმბოლოების აღმოფხვრისა.

და კიდე, ავტორი ბრძანებს: „ორთოდოქსი ქრისტიანების“. სიტყვა ორთოდოქსი ბერძნულად მართლმადიდებელს ნიშნავს, მაგრამ ავტორს სულაც არ აქვს მიზნად აქ ჩვენი რწმენის მართებულობის აღნიშვნა. სამწუხაროდ, ცნება „ორთოდოქსი“ დღეს ხშირად იგივდება ფანატიკურ ფუნდამენტალიზმთან და მოცემულ შემთხვევაში ამ ტერმინის გამოყენება ავტორის მიერ მართლმადიდებლობის უგუნურ ფანატიზმთან გაიგივებას უფრო წააგავს. ეს კი ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს.

‒ ქრისტე არ ავალებს მიმდევრებს გამოსახულებების გამრავლებას, მაშინ როდესაც უპოვართა და მიუსაფართა მზრუნველობა პირდაპირი დავალებაა მოსწავლეების მიმართ, ცხოვრების იმ წესების დაცვა, რასაც ქრისტე ქადაგებდა. შესაბამისად, რა არის უფრო ქრისტიანული საქციელი ამ მონუმენტის აღმართვაში ფულის ხარჯვა თუ ამ ფულით, თუნდაც რომელიმე საბავშვო ბაღში ელემენტარული პირობების შექმნა? (არჩილ თოდუას კითხვა)

უცნაურია, როცა ათეისტური შეხედულებების დამცველი და აპოლოგეტი გვასწავლის, თუ როგორ უნდა გავიგოთ წმიდა წერილი და მაცხოვრის მოძღვრება. ის, რითიც ვამაყობთ დღეს ქართველები ‒ ჩვენი უძველესი ეკლესია-მონასტრები, ‒ წინაპრებს არ აუგიათ მაძღარი ცხოვრებიდან მორჩენილი ფულით. უფრო პირიქით, სწორედ ძნელბედობის ჟამს ცდილობდნენ ედიდებინათ ღმერთი, იკლებდნენ და აშენებდნენ.

ეკლესიას არასდროს მოკლებია სოციალური მსახურება, მაგრამ ამას არ აკეთებს სხვა ორგანიზაციების მსგავსად კამერების წინ, სხვათა დასანახად. ოპონენტები არასდროს ინტერესდებიან, რითი ცხოვრობენ სასულიერო პირები და მხოლოდ თითო-ოროლა გამოჭერილი მსახურის სიმდიდრის წარმოჩენას ცდილობენ ეკლესიის მუქთახორობის დასტურად. თუ აქვს სურვილი, თავად შემიძლია შემოვატარო ავტორი სასულიერო პირთა ოჯახებში და ვაჩვენო უმრავლესთა ყოველდღიური ყოფა.

რაკი ჩვენი განსწავლა თავსიდვა, შევახსენებდი ერთ ეპიზოდს სახარებიდან. როცა დედაკაცმა მაცხოვრის თავზე წამოაცარიელა უძვირესი ნელსაცხებლით სავსე ჭურჭელი, ერთ-ერთი მოწაფე აღშფოთდა და უმალ გაჭირვებულები გაახსენდა. წმ. იოანე ღმრთისმეტყველი ამბობს მასზე: „ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო“ (ინ.12:6). ამ მოწაფის სახელი იყო იუდა ისკარიოტელი.

‒ ამ ადგილას სადაც ოდესღაც ტირანის - სტალინის ძეგლი მდგარა, აუცილებელი თუა რაიმე ქანდაკების დადგმა ხომ არ ჯობს ამ ქალაქის, ამ კუთხის ისტორიასთან დაკავშირებული რამ დაიდგას? (არჩილ თოდუას კითხვა)


იმ ადგილას ლენინის ძეგლიც იდგა და სტალინისაც. ტირანიისა და ყოველგვარი ბოროტების სათავე არის დაცემულ სულთა მძლავრობა ადამიანზე. სწორედ ამიტომ ვთვლით მიზანშეწონილად არა რომელიმე გამოჩენილი ადამიანის ძეგლის დადგმას, არამედ იმის მოზაიკური გამოსახულებისა, ვინც არის უპატიოსნესი ქერუბიმნთა და რომლის სამოსელი მისივე ნებით ბრძანდება ქალაქში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.