ფოთში აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ფოთში, აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა.
შემთხვევა იმერეთის ქუჩაზე, კერძო სახლში მოხდა. მეზობლის ცნობით, სტუმრად მყოფი მამაკაცები მოაჯირს მიეყრდნენ, რა დროსაც ის ჩამოინგრა და ორივე პირი მეორე სართულიდან გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია და იმის გამო, რომ ფოთის ე.წ . ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების პაციენტები იმყოფებიან, ორივე მამაკაცი ქობულეთის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.
"ადგილზე მისულ სასწრაფო-დახმარების ბრიგადას დახვდა ორი დაზარალებული, რის გამოც საჭირო გახდა მეორე ეკიპაჟის გამოძახება. ერთ მამაკაცს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და მრავლობითი დაზიანებები, მეორეს კი მხოლოდ კოჭ-წვივის ტრავმა. ორივეს ადგილზე გაეწია დახმარება და გადაიყვანეს ქობულეთის მრავალპროფილურ კლინიკაში", - თქვა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები