შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში გაათავისუფლონ გალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა.
ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით. ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად, ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. ფაქტზე რეაგირების მიზნით ამოქმედებულ მექანიზმებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლება“, - აცხადებს ახვლედიანი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში
დააკავეს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელმაც „აფხაზური“ დროშა დაწვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში „გამარჯვების დღეებს“ ზეიმობდნენ.
ბებუას ოჯახი უკვე შეხვდა სახალხო დამცველს, გალში კი მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
მასალის გამოყენების პირობები