გალში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ირაკლი ბებუას, რომელმაც აფხაზური დროშა დაწვა, სახლში ხელყუმბარა აღმოაჩნდა, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, "გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ფაქტზე, ასევე, 1993 წელს დაბადებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის ფაქტებზე".
უწყების ცნობით, ბებუა გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე 30- დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში 30 სექტემბერს გავრცელდა, რომლის მიხედვით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში "გამარჯვების დღეებს" ზეიმობდნენ.
1 ოქტომბერს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
დაკავებულის ოჯახი უკვე შეხვდა სახალხო დამცველს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა
განაცხადა, რომ სამინისტრო შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში გაათავისუფლონ გალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. თავად ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც აფხაზ ხალხთან. მამაკაცი განმარტავს, რომ მისი ამ ქმედების მიზანია გამოხატოს აფხაზებისა და ქართველების მეგობრულად ცხოვრების სურვილი.
მასალის გამოყენების პირობები