6 ოქტომბერს სოხუმი დამასკოში "საელჩოს" გახსნას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, წერს "აიაირა". ამავე ცნობით, აფხაზური დელეგაცია უკვე სირიაში იმყოფება.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს ევროკავშირმა, ეუთომ, გაერომ, ნატომ და მსოფლიოს რამდენიმე ათეულმა სახელმწიფომ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.
მასალის გამოყენების პირობები