ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა.
21 ოქტომბერს, დღის, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ფილიალში
შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და კიდევ სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპით გაურკვეველი მიმართულებით
წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ყვებიან, მამაკაცმა ისინი კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად ტერიტორიიდან
გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში შსს-მ დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა გაასაჯაროვა. გამოძიების ვერსიით, ის სენაკის სამხედრო ბაზის ყოფილი მოსამსახურე, სოფელ ალერტკარში მცხოვრები ბადრი ესებუაა.
შს სამინისტრო ესებუას ამ დრომდე ეძებს. მომხდართან დაკავშირებით, უწყებამ არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა.
სამინისტრომ აღნიშნულ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები