შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურის თქმით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა შესაძლოა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.
ასევე, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება გრძელდება.
ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა.
მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა.
შს სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მკვიდრი ბადრი ესებუაა. უწყებამ იდენტიფიცირებული პირის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო, გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.
ამავე თემაზე:
ერთი თვე საქართველოს ბანკზე თავდასხმიდან - ბრალდებულს ისევ ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები