სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული კ.წ. ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში დააკავეს.
ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას - 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა და თვითდაზიანებები მიიყენა
მასალის გამოყენების პირობები