ზუგდიდში მამაკაცი სავალუტო ჯიხურის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს
პოლიციამ ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი, 1964 წელს დაბადებული ბ.ხ დააკავა.
ინფორმაციას შს სამინისტოს პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით მოპარული ფული ამოიღეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ქალაქ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები