სოხუმის "პროკურატურამ "მასობრივი არეულობების მოწყობის" ბრალდებით, 2021 წლის 21 დეკემბრის აქციის მონაწილე 5 პირი
დააკავა. ერთ - ერთ მათგანს, ბაგრატ სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით 20-დღიანი, კიდევ ორს, ბათალ ცვიჟბას და ასლან ტანიას თვენახევრით პატიმრობა, ხოლო რამაზ ჯოპუას - 22 მარტამდე შინაპატიმრობა მიესაჯათ. აქციის მე - 5 მონაწილის ანრი ინაფშბას სასამართლო 13 იანვარს გაიმართა. მას ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინაფშბამ ლურსმნები გადაყლაპა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
ამავე დღეს აფხაზური ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, მათ შორის ადგურ არძინბა, ახრა ბჟანია და გარი კოკაია, სოხუმის პროკურატურაში გამოცხადდნენ და მოითხოვეს, რომ ისინი, როგორც აქციის ორგანიზატორები, დააკავონ, ხოლო მათი მომხრეები გაათავისუფლონ. "პროკურატურამ" მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ისინი არ დააკავა. ამის შემდეგ ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ შედგა შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე- პრეზიდენტთან ბადრა გუნბასთან და მათ გარკვეულ შეთანხმებას მიღწიეს. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტზე ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია მათი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება, წერს "ეხო კავკაზა".
2021 წლის 21 დეკემბერს აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში აქცია გამართა. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აქციის მონაწილეებთან არ გამოვიდა, ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. მიტინგის მონაწილეები "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და "საპარლამენტო არჩევნების" ერთი წლით გადადებას ითხოვდნენ. მანამდე, "ხელისუფლების" მოწინააღმდეგე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა "სამთავრობო შენობებთან" რამდენჯერმე მოაწყო აქცია. ისინი ბჟანიას "საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებდნენ.
23 დეკემბერს კი "პროკურატურამ" გაავრცელა ინფორმაცია "სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ "მასობრივი არეულობის მოწყობისა და მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე". უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის სახალხო პატრიოტული კავშირის" მიერ ორგანიზებული აქცია იყო არასანქცირებული, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა "დესტრუქციული ძალების" ჩარევის შემდეგ, ის არეულობაში გადაიზარდა, რასაც სამთავრობო შენობების კომპლექსის დაკავების არაერთგზის მცდელობა მოჰყვა. უკანონო ქმედებების დროს დაშავდა ჟურნალისტი, დაზიანდა "სახელმწიფო ქონება".
ოპოზოციის მომხრეების დაკავების შემდეგ, "სახალხო - პატრიოტულმა კავშირმა", რომელმაც 21 დეკემბრის აქცია მოაწყო, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას ეკისრება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ხელისუფლება" პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას და "ჯიბის პარლამენტის" არჩევას" ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები