უკრაინაში დაღუპულ 41 წლის გიორგი გრიგოლიას პარასკევს, 10 ივნისს სამშობლოში
ჩამოასვენებენ.
რადიო
"ათინათს" მისმა ახლობლებმა უთხრა, რომ 10 ივნისს გამთენიისას მის
ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან, რის შემდეგაც მას აბაშაში დაასვენებენ. რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლს აბაშაში, დედის გვერდით დაკრძალავენ. ცხედარს საქართველოში ვერ მოყვება დაღუპულის მამა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და საომარი მოქმედებების ზონაში რჩება.
გიორგი გრიგოლია აფეთქებებს უკრაინაში, დონეცკის ოლქში ემსხვერპლა. შემთხვევა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ოჯახმა და ახლობლებმა მისი დაღუპვის შესახებ მხოლოდ გუშინ დილით შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით, გრიგოლია წლებია ცოლ-შვილთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. ის ომში ბრძოლის დაწყების პირველივე დღეს ჩაერთო.
გრიგოლიას დაღუპვამდე ერთი თვით ადრე, ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას წარმოშობით ქართველი მებრძოლი 27 წლის
ტატო ბიგვავა შეეწირა. დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან ერთ-ერთის, სენაკელი
ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება,
ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს სულ 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები