აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცახდებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს "მეორე ფრონტის" გასახსნელად. ამის შესახებ მან 22 სექტემბერს
"სპუტნიკ აბხაზიას" პლატფორმაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული აშშ-ს საელჩო თბილისში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID.
თავის ვიდეომიმართვაში არძინბა ასევე საუბრობს დასავლური ფონდების ფარულ ზრახვებზე, ახსენებს "ბერგჰოფის ფონდს" და ამბობს, რომ ისინი, როგორც წესი, ჰუმანიტარული პროექტებით იწყებენ საქმიანობას და ხელს უწყობენ სახელმწიფო გადატრიალებებს. მან ახსენა ჯონ პენელი, რომელიც აგვისტოში დაინიშნა USAID-ის მისიის ხელმძღვანელად სამხრეთ კავკასიაში და აღნიშნა, რომ მანამდე ის უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა.
"მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ - ე.წ. მეორე ფრონტი. ამასთან, ამის პარალელურად, პენელის დანიშვნის შემდეგ გააქტიურდა მუშაობა საქართველოს მთავრობის 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის, "ჩართულობა თანამშრომლობის გზით", განხორციელებაზე", - თქვა არძინბამ.
არძინბას მტკიცებით, დასავლური სტრუქტურები ყველა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობენ, ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება.
მან აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა, არ შევიდნენ "ბერგჰოფის ფონდის" თანამშრომლებთან დიალოგში და არ მიიღონ მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო შეხვედრებსა და დისკუსიებში.
მან დასძინა, რომ "ბერგჰოფის ფონდს" აფხაზეთში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და მის მიერ ორგანიზებული შეხვედრები "უკონტროლოდ და აფხაზეთის ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე მიმდინარეობს".
ე.წ. მინისტრის თქმით, ფონდის დამფუძნებლები, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები აქტიურად ატარებენ იზოლაციონისტურ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში.
არძინბამ საქართველოსთან ომის შესაძლებლობებზე 16 სექტემბერსაც განაცხადა. მისი თქმით, "რეგიონში ვითარება ფეთქებადია და საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".
მან სოხუმში, "საგარეო უწყებაში" გამართულ შეხვედრაზე ახსენა საქართველოს ხელისუფლების მხრივ გაკეთებული განცხადებები, ასევე "დამრტყმელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების მიწოდებაზე მზარდი კონტრაქტები, ნატოსთან მიმდინარე კონსულტაციები და დაზვერვის აქტიური მუშაობა", რაც მისი თქმით, სოხუმში საფრთხედ აღიქმება.
მიმდინარე წლის მაისში ინალ არძინბამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით.
კერძოდ, არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
ცოტა ხნის წინ, 13 სექტემბერს სოხუმმა აფხაზეთში FAO – ს პროექტი დახურა და საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი, რომელიც ორგანიზაციის ერთ - ერთ პროგრამას ხელმძღვანელობდა, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა "სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების" ბრალდებით.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.
არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.
ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
მანამდე, 2014-2018 წლებში არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.
ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.
მასალის გამოყენების პირობები