აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ სოხუმი მზადაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის. ინფორმაცია
უწყების ვებგვერდეზეა გამოქვეყნებული.
"4-5 აპრილს დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის ვემზადებით. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც არ გადაიტანენ მას ცალმხრივად და არანაირი ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები არ იქნება, მათ შორის ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის ვიზების აღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ისევ მოვითხოვთ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებას", - განაცხადა მან.
არძინბას თქმით, აფხაზური მხარე "მჭიდრო კოორდინაციაშია კოლეგებთან რუსეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან".
21 - 22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს სოხუმში შეხვედრების ჩასატარებლად.
მოგვიანებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის გადადების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დაადასტურა. მან განაცხადა, რომ 2023 წლის თებერვლის ბოლოს დაგეგმილი დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება. ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოლაპარაკებების გადადების მიუხედავად, "თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილესთან კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ადასტურებენ როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით".
მიმდინარე წლის მარტში ინალ არძინბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის წინადადებით გამოვიდა. მან "სპუტნიკს" განუცხადა, რომ "ჟენევა სულ უფრო ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსთან მოლაპარაკებების ნეიტრალურ ადგილად და სულ უფრო ნაკლებად მისცეს მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობები, ხოლო მინსკი შეიძლება გახდეს დიპლომატიური მოლაპარაკებების ეფექტური პლატფორმა".
საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჟენევაში 5 ოქტომბერს გაიმართა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები