ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ
სამკურნალო კლინიკაში განთავსებასა და შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე
მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 920 ლარია.
დოკუმენტაციის მიხედვით, გასაწევი მომსახურება გულისხმობს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა იზოლირებას (შემსყიდველი ორგანიზაციის მითითებით) ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი/ბადით და ცხოველთა თავშესაფარში ან ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში გადაყვანას, სპეციალური სატრანსპორტო საშულებ(ებ)ით და განთავსებას შენობაში ან ვოლიერებში;
ბ) თავშესაფარში ან ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათ დეჰელმენტიზაციას (დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაციას, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაციას, იდენტიფიკაციას (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით). თითოეული მონაცემის ასახვა სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ბუნებრივ არეალში დაბრუნებას;
გ) ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზიას და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანას.
ზემოაღნიშნული პროცედურების შემდგომ გათვალისწინებულია ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.
ბოლო წლებში ზუგდიდიდან ცხოველები ოზურგეთის თავშესაფარში გადაყავდათ.
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის
მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით,
3 წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები