სოხუმის ინიციატივით ვლადიმერ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს, კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია "კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".
აქვე აღნიშნულია, რომ ბჟანიამ და პუტინმა "სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში "ორმხრივ თანამშრომლობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე" ისაუბრეს.
აქვე ნათქვამია, რომ ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია "დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების 15 წლისთავისა და აფხაზეთის რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად".
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები