აფხაზური დელეგაცია "ოფიციალური ვიზიტით" ნიკარაგუაში იმყოფება, სადაც "სანდინისტური რევოლუციის 44- ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება", წერს "აფსნიპრესი".
დელეგაციამ, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა ხელმძღვანელობს, ნიკარაგუას დედაქალაქის, მანაგუას მერს შეხვდა.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე, მანაგუას მერმა რეინა რუედამ განცხადა, რომ "აფხაზეთის და ნიკარაგუას დედაქალაქებს დიდი პოტენციალი აქვს" და შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
თავის მხრივ, ბესლან ჯოპუამ განაცხადა:
"ჩვენ გვაშორებს ოკეანეები, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენი ქვეყნები იბრძოდნენ თავიანთი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების უფლებისთვის".
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ნიკარაგუაში "აფხაზეთის საელჩოს" გახსნის შესახებ ბრძანებას 2022 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი.
სოხუმსა და მანაგუას შორის "სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" კი 2021 წელს გაფორმდა.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, და ნაურუს.
მასალის გამოყენების პირობები