აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება ამნისტიის შესახებ, რომელიც "ქართულ - აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისთან დაკავშირებით" გამოცხადდა.
"აფსნიპრესის" თანახმად, დოკუმენტი "სახალხო კრების" ე.წ. ვიცე-სპიკერმა ასტამურ არშბამ წარადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი.
"გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები; აფხაზეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები და ინვალიდები; I და II ჯგუფების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; I და II ჯგუფების ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები; აივ ინფექციით ინფიცირებულები, აგრეთვე III ან IV კლინიკური ჯგუფების ონკოლოგიური დაავადებების მქონე პატიმრები; სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში პირველად მიცემული პირები და ქალები.
სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად, პატიმრობიდან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე; არასრულწლოვანი შვილების დედები; ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების დედები, ასევე ორსული ქალები; 55 წელზე მეტი ასაკის ქალები და 60 წელზე უფროსი ასაკის კაცები; არასრულწლოვანები; პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (მასობრივი არეულობები).
სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდადებულები, რომლებისთვისაც დადგენილების ძალაში შესვლამდე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით; სასჯელგადავადებულები; თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა სახის სასჯელმისჯილები", - ნათქვამია ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენლებაში,
ამავე ცნობით, "ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ადრე შეეხოთ ამნისტია ან შეწყალების აქტები; პირებზე, რომლებსაც პატიმრობა მისჯილი აქვთ განზრახ ჩადენილ დანაშაულზე. ამასთან, დადგენილებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებზეც ამნისტია არ ვრცელდება".
ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტის" გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ ორ თვეში უნდა შესრულდეს.
ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა რაიმე სახით, ამნისტიის აქტი უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ქრისტინე თაკალანძეს და ირაკლი ბებუას.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 25 წლის ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 5 მაისს მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმი მას "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება. თაკალანძე 2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს.
გალის რაიონში მცხოვრები 28 წლის ირაკლი ბებუა აფხაზეთის "სახელმწიფო დროშის" დაწვისთვის დააკავეს. მაშინ დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ე.წ. სასამართლომ ბებუა დამნაშავედ ცნო "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის" და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ის გალში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები