საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2019 წლიდან დღემდე, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები 45%-ით გაიზარდა, ხოლო იანვრიდან კიდევ 10%-ით მოიმატებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, გახდა 1500 ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და ჩვენთან მინიმალური დარიცხული ხელფასი 1700 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კიდევ უფრო მეტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ქვეყნის განვითარების პარალელურად ეს პროცესი წინ წავა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მან ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს ნატოს მოთხოვნებს.
„ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში გაიზრდება 26%-ით. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით და ეს ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით იზრდება“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები