უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას შეწირული თენგიზ ჭანია, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, განმუხურში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ჭანიას პანაშვიდი განმუხურში, მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"თენგო მუშაობდა დაზვერვის დეპარტამენტში. ამის შემდეგ, 2012 წელს, სრულიად უსაფუძვლოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის წავიდა ემიგრაციაში. უკრაინის ომის დაწყებიდან კი ჩაერთო აქტიურ ბრძოლებში. ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებულ ფორმირებაში. ბოლოს აზოვის პოლკში გადავიდა. ის იმსხვერპლა რუსეთის არტილერიამ. დაღუპვამდე ორი დღით ადრე მელაპარაკა. ისეთი შემართებით იყო მთელი ცხოვრება, რომ ამბობდა, ჩვენ აფხაზეთს დავიბრუნებთ და საერთო მტერს დავამარცხებთო", - თქვა თენგიზ ჭანიას ძმამ.
ჭანიას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს განმუხურში ოჯახის ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. დაკრძალვას ასევე დაესწრო საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშე, რომელმაც უკრაინაში ქართველების ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია, უკრაინის ომის დაწყებიდან "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. ის 22 მარტს რუსეთის სარაკეტო იერიშს
ემსხვერპლა. მისი ცხედარი ფრონტის ხაზიდან თანამებრძოლებმა 25 მარტს
გამოასვენეს. 3 აპრილს კი ცხედარი სამშობლოში
ჩამოასვენეს.
ამავე თემაზე: უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ
ახლობლების ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს სამშობლოში 3 აპრილს ჩამოასვენებენ
მასალის გამოყენების პირობები