აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
"აფხაზური პორტალის" წყაროს ინფორმაციით, ინალ არძინბა დაკითხვაზეა გადაყვანილი "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში". ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის, დაახლოებით, ერთი კვირაა ვერ ახერხებს აფხაზეთიდან გასვლას, რაზეც, აფხაზმა ლიდერმა დაუწესა აკრძალვა. აქვე აღნიშნულია, რომ არ არის დაკონკრეტებული, თუ რას უკავშირდება ეს ზომები, წერს "ეხო კავკაზა".
გამოცემის თანახმად, მანამდე ცნობილი გახდა, რომ არძინბა რუსეთში ტელეწამყვანი გახდა და ახალი სპეციალური პროექტის „გლობალური უმრავლესობის“ ფარგლებში, ის უკვე ესაუბრა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში
დაინიშნა. აფხაზი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014 - 2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.
ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად
გამოდიოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკით.
საერთაშორისო ორგანიზაციებს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირს მან „აფხაზეთის აგრესიული იზოლაციის სუბიექტები“ უწოდა.
გარდა ამისა, ინალ არძინბამ პერსონა ნონ - გრატად გამოაცხადა USAID -ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი.
არძინბამ აქტიურად დაუჭირა მხარი
„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას. დოკუმენტი განსახილველად უკვე გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“.
მასალის გამოყენების პირობები