აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო - აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, წერს „აფსნიპრესი“.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე დასრულებულია „ინერტული მასალების საწყობების განთავსებისთვის საწარმოო ბაზის მომზადება და დაწყებულია მათი მიწოდება“.
2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი,
რაშიდ ნურგალიევი. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტში ინვესტიციების მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.
ცოტა ხნის წინ, ასლან ბჟანიამაც განაცხადა, რომ ბაბუშარას აეროპორტი 2024 წლის ბოლოს
გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს განცხადებით, საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო
ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები