სენაკში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის
აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ოდიშარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ასევე, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა.
ამავე ინფორმაციით, ისინი ბრძოლაში დაღუპული, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის თემურ ბოკუჩავას საფლავზე იმყოფებოდნენ.
"სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF - ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა", - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. კონფლიქტის დროს, დაიჭრა 12 ჟურნალისტი. სამეგრელოდან ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
საქართველო მიზნად ისახავს უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
სახელმწიფო უწყებებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაშვებულია
წალენჯიხაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს
მხარდამჭერი გზავნილები დასავლეთიდან - საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ეხმაურებიან
დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია
მასალის გამოყენების პირობები