ხობის მუნიციპალიტეტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის
ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე ცნობით, მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ.
მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულებს სანთლები დაუნთეს.
"2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის ხობელი გოგა ბერაია, მიხეილ იოსავა, ლევან ჭოჭუა, დათა ხურცილავა, გოგა ჭითანავა, ზვიად დათუაშვილი, ლევან ტურავა, გოგიტა ქარჩავა და რამაზ კიტია იყვნენ. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ქალაქ ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა", - წერია ინფორმაციაში.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. კონფლიქტის დროს, დაიჭრა 12 ჟურნალისტი.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე თემაზე: ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
საქართველო მიზნად ისახავს უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
სახელმწიფო უწყებებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაშვებულია
მხარდამჭერი გზავნილები დასავლეთიდან - საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ეხმაურებიან
დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია
მასალის გამოყენების პირობები