საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც მათი თქმით, ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის
გახსნა ვერ შეძლეს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება", - განმარტავს უწყება.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება.
შეგახსენებთ, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ბინაში მყოფი კიდევ ორი მოზარდის გადარჩენა შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რადიო "ათინათის" ცნობით, დაკითხვაზე იმყოფებიან დაღუპული მცირეწლოვნების დედა და ხანძარს გადარჩენილი და-ძმა.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკითხვაზე იმყოფება დაღუპული ბავშვების დედა
ზუგდიდში ხანძარს გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი
ზუგდიდში, ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდი ემსხვერპლა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები