ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 67-ე საარჩევნო ოლქის მე-9 და მე-12 უბნებზე ISFED-ის დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ „სამართლიანი არჩევნების“
რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ უთხრა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნების კომისიის თავმჯდომარეები და „ქართული ოცნების“ დროებით შექმნილი ორგანიზაციის დამკვირვებლები „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებზე ზეწოლას ახდენდნენ.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა ვერ მოახერხეს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულება და ორივე გააძევეს უბნებიდან. ეს გავასაჩივრეთ ოლქის დონეზე, რაც არ დააკმაყოფილეს. შემდგომ, სასამართლოში გავასაჩივრეთ, ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, რადგან არ გვახსოვს პრეცედენტი, როდესაც სამართლიანი არჩევნების სარჩელი დააკმაყოფილა. ორივე შემთხვევაში გვქონდა ვიდეო მტკიცებულებები და ნათლად ჩანდა, როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენს დამკვირვებლებზე. ეს არ გახდა მოსამართლისთვის ობიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა“, - ამბობს ის.
ლოგუას განმარტებით, ორგანიზაცია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებშიც გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ზუგდიდის, სენაკისა და ხობის ცალკეულ უბნებზე 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ეხებოდა, სასამართლოებმა არ
დააკმაყოფილეს.
მასალის გამოყენების პირობები