ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 297 744 ლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე
ვკითხულობთ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესაბამისი ტენდერი 300 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური (11:00სთ-დან 14:00სთ-მდე) ერთჯერადი კვების მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.
ამავე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა კვებით მომსახურების გარდა, შესაბამისი ფართით უზრუნველყოფაც უნდა შეძლოს. ის ასევე ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2025 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.
კვირის დღეების მიხედვით, მენიუს ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:
ორშაბათი: ბორშჩი ვეგეტარიანული არაჟნით, მანანის ბურღულის ფაფა, კაკაო, ფუნთუშა და პური.
სამშაბათი: ვერმიშელის ან მაკარონის წვნიანი, კატლეტი და კარტოფილის პიურე, ხილის კომპოტი ხილის და პური.
ოთხშაბათი: ბარდის წვნიანი, თევზი, წიწიბურა, კისელი და პური.
ხუთშაბათი: ქათმის ბულიონი, მაკარონის ან ვერმიშელის ფაფა, ხილის კომპოტი და პური.
პარასკევი: ამოლესილი ლობიო, ბრინჯის ფაფა, ყველი, ხილის კომპოტი და პური.
შაბათი: ხორციანი სუპი, ტკბილი ფლავი, კისელი და პური.
კვირა: ვერმიშელის ან მაკარონის სუპი, წიწიბურა, კვერცხი, კომპოტი და პური.
ტენდერში წინადადებების მიღება 6-დან 9 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ამავე ტიპის ტენდერისთვის ზუგდიდის მერიამ
298 227 ლარი დახარჯა.
ამავე თემაზე:ოჯახური სადილი სოციალურად დაუცველებისთვის ზუგდიდში და მონატრებული ურთიერთობები (ფოტო/აუდიო)
მასალის გამოყენების პირობები