მულტიმედია
ოჯახური სადილი სოციალურად დაუცველებისთვის ზუგდიდში და მონატრებული ურთიერთობები (ფოტო/აუდიო)
ზუგდიდის ერთადერთი მუნიციპალური სასადილო 2000 წლიდან მუშაობს. აქ, ყოველდღე, დილის ათი საათიდან შუადღემდე, შუახნისა თუ ხანდაზმულ მოქალაქეებს საჭმლის წასაღებად გამზადებული მინისა და პლასტმასის ქილები მოაქვთ. კოვიდპანდემიის გამო, ყველა სათითაოდ შედის სასადილოში, ჯერ აღრიცხვას გადიან, შემდეგ კი სასადილოს მომსახურე პერსონალი მათ ქილებს უვსებს და საკვებს სახლში ატანს.

აფხაზეთიდან დევნილი, 90 წლის ნათელა ეხვაია უფასო სასადილოში ათი წელია დადის. იხსენებს, რომ თავდაპირველად ერიდებოდა და რცხვენოდა მოსვლა, დღეს კი, აქაურობა მისთვის განტვირთვის ერთადერთი ადგილია. მიღებული სადილი შინ მიაქვს და ორ ადამიანზე ისე ანაწილებს, რომ მას და მის შვილს ვახშმადაც ეყოთ.

"ყოველდღე დავდივარ სასადილოში, მომწონს აქ მომზადებული კერძები და სახლში თითქმის არც მიწევს მომზადება, ჩემი პენსია რას მეყოფა საჭმლისთვის, წამლები ძვირია და მისთვისაც არ მყოფნის, ჯოხით დავდივარ ხომ ხედავთ? ფეხები მტკივა. როცა აქ მოვდივარ, წასვლა არ მინდა შინ, ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა", - გვეუბნება ნათელა.

პანდემიამდე მეტწილად სასადილოში სადილობდა, ახლა კი როცა საკვებისთვის მოდის, დიდხანს არ ჩერდება, რადგან მისთვის ერთ დროს მხიარული და თბილი სასადილო დარბაზი თითქმის ცარიელია.    

"აქ ხან ვხუმრობდით, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, დაბადების დღეებს ვიხდიდით, ნეტა, მალე დაბრუნდებოდეს ის დრო", - ამბობს ნათელა.

65 წლის ნატო ბულიაც კმაყოფილია სასადილოს მენიუთი. საკვების წასაღებად თითქმის ყოველდღე დადის. გვიყვება, რომ საჭმელში ფული რომ არ ეხარჯება, ეს ცხოვრებას უმსუბუქებს, რადგან დღემდე სამსახური ვერ იშოვა და მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. "კარგი მომსახურებაა, სისუფთავეა, საჭმელი ხარისხიანია. მიმსუბუქებს ეკონომიურად აქედან წაღებული საჭმელი, სახლში იშვიათად ვაკეთებ. აქ მოსვლა ძალიან მიხარია, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს საკუთარ სახლში მოვდივარ", - ამბობს ნატო.

უფასო სასადილოში კვირაში ორჯერ დადის 54 წლის მარტოხელა ზუგდიდელი ჯანსუღ ლუკავა, რომელსაც განსაკუთრებით საახალწლო და სააღდგომო სასაჩუქრე ნობათი მოსწონს.  

შშმ შვილს უვლის სასადილოს კიდევ ერთი ბენეფიციარი, 74 წლის ციალა გულორდავა. როგორც პენსიონერთა უმეტესობას, პენსია საკვებსა და წამლებზე არც მას ჰყოფნის, ამიტომ სადილისთვის აქ მოსვლა მისთვისაც ერთადერთი გამოსავალია. გვიყვება, რომ რამდენიმე თვის წინ, კოვიდი მან და მისმა შვილმა რთულად გადაიტანეს, ხოლო როცა სავალდებულო დრო გავიდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ახლა კარგად იცის, რა რისკს წარმოადგენს მისთვის და გარშემო მყოფი პირებისთვის აუცრელობა და ვაქცინაციის აუცილებლობაში სასადილოში მოსულ სხვა ბენეფიციარებსაც არწმუნებს.

ზუგდიდის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია გვეუბნება, რომ პანდემიის პირველი ტალღის და საგანგებო მდგომარეობის დროს, ვინც სასადილოში ვერ ახერხებდა მოსვლას, საარსებოდ საჭირო საკვებს მოხალისეების მეშვეობით სახლში უგზავნიდნენ. "გრაფიკი იყო შედგენილი, ასევე გამოყოფილი მანქანები, იყვნენ ჯგუფები, ზოგიერთი თვითონ მოდიოდა და მეზობლების ულუფაც მიჰქონდა. ვისაც არ შეეძლო, ჩვენი მანქანის და მოხალისეების მეშვეობით ვაწვდიდით პროდუქტს. ახლაც თუ ვერ ახერხებენ მოსვლას, შეგვიძლია მივუტანოთ. სასადილოში ყოველდღიურად აღრიცხვას აწარმოებენ, სისტემატურად კომუნიკაცია აქვთ თითოეულ მათგანთან. ყველას აქვს ინფორმაცია. თუ ვერ მიდიან სასადილოში, იქვე რეკავენ ან ჩვენთან და ვაგვარებთ ამ პრობლემას", - ამბობს გოგი რევია.

უფასო სასადილოს მზარეული მანანა ლომაია ყოველდღიურად სადილს 280 ადამიანისთვის ამზადებს. გვიყვება, რომ სხვადასხვა დღეს, დღის ულუფები განსხვავებულია: ცხელი წვნიანი, ხორცეული, თევზეული, კვერცხი, ლობიო, ფაფები, კაკაო, ყველი, პური და კომპოტი. მენიუ სეზონურადაც იცვლება.

მზარეულმა, რომელიც წლებია ზუგდიდის უფასო სასადილოში მუშაობს, მისი ბენეფიციარების შესახებ ყველაფერი იცის და საჭმლის წასაღებად მოსულ მოხუცებს ზოგჯერ პირველად სამედიცინო დახმარებასაც უწევს. სამზარეულოშივე აქვს წნევის აპარატი და საჭირო მედიკამენტები. წინასწარ ისიც იცის,  ვინ ვერ ახერხებს გამოსვლას სახლიდან საჭმლის წასაღებად. იხსენებს და ენატრება პანდემიამდელი პერიოდი, როცა ყველა ბენეფიციარი სასადილოში ერთად იკრიბებოდა და სიურპრიზებს უწყობდა ერთმანეთს.

"2005 წლიდან აქ ვმუშაობ, სისხლში მაქვს გამჯდარი ამათი მომსახურება, მე, როგორც ერთს, ისე ვემსახურები ყველას. ზოგჯერ თუ ცუდად გახდნენ, ან წნევამ აუწიათ, მედიკამენტები აქვე მაქვს და პირველად დახმარებას ვუწევ, აქ პანდემიამდე დაბადების დღეებს აღვნიშნავდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით. როგორც უფასო სასადილო, ისეთი განწყობა არ არის, ძალიან ოჯახურად ვართ, ზოგჯერ კამათითაც გვიკამათია სხვადასხვა თემაზე. სულ ვცდილობთ, ერთმანეთი გავახალისოთ. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ აქ გამოფენებსაც და დღესასწაულებსაც ვუწყობდით ერთმანეთს. აქ მუშაობა რომ დავიწყე 28 წლის ვიყავი, ახლა ვარ 43 წლის, მხოლოდ ორი წელი ვიმუშავე სხვაგან და ძლივს გადავიტანე ის ორი წელი, ძალიან მიყვარს აქაურობა, შევეჩვიე ყველას, ვფიქრობ, როგორ ვასიამოვნო მათ. თუნდაც აქ არ დადგეს მოქალაქე და დადოს ქილები, უკვე ვხვდები, ვისია", - გვითხრა მანანა ლომაიამ.

უფასო სასადილოს თავიდან 70 ბენეფიციარი ჰყავდა. წლების განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა და 2021 წლისთვის სასადილოს 280 მოქალაქე აკითხავს. გოგი რევიას თქმით, რეგისტრაცია წლის დასაწყისში იწყება, განცხადებებს სპეციალური კომისია იხილავს და ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება.

"65 000-ზე დაბალი ქულა უნდა ჰქონდეს ბენეფიციარს, მაგრამ კომისიას აქვს იმის უფლება, შეიძლება პირს არ ჰქონდეს შესაბამისი ქულა, მაგრამ იყოს მძიმე მდგომარეობაში, ასეთ სიტუაციებს კომისია იხილავს და გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს", - გვიხსნის გოგი რევია.

თავდაპირველად სასადილოს მომსახურებით სოციალურად დაუცველ ადამიანები სამუშაო დღეებში, კვირაში ხუთი დღე სარგებლობდნენ, შემდეგ კი შაბათ-კვირაც დაემატა. ზუგდიდის მერია თითოეულ ბენეფიციარზე დღეში 1.88 ლარს ხარჯავს. მომავალი წლიდან მოქალაქეების კვებაზე ბიუჯეტის გაზრდა იგეგმება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტის ნიშნად.
28 / ნოემბერი 2024
აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მერიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 297 744 ლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.