ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ენერგიკრიზისთან დაკავშირებით, „ენგურჰესმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ამჟამად „აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია“.
„წყლის დაბალი დონის გამო, ორივე სადგურს (ენგურჰესი და ვარდნილჰესი) მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია და შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად კი აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია. თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესის ერთადერთი ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერებულია, „წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონისა და არასაკმარისი ნაკადის გამო“.
კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების განახლებული
გრაფიკი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მოსახლეობას 07:00 - 21:00 საათის შუალედში მხოლოდ ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით მიეწოდება დენი.
9 დეკემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტად მხოლოდ ღამის საათებში ხორციელდება.
უფრო ადრე, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“. მისი თქმით, „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.
ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმს მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის
კომერციული ფასის გადახდა მოუწევს.
6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა
დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“
ჩაგდების შემდეგ.
უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.
ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები