ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის "მეცხრე ტალღის" დირექტორი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია 13 დეკემბერს, ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის
გადაღების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო, 1000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" აქვეყნებს.
მათი ცნობით, გია სალია ამბობს, რომ 16 დეკემბერს, ფოთიდან ზუგდიდისკენ გადაადგილებისას საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა, გაჩერება და მანქანიდან გადასვლა უბრძანა, რადგან მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული.
"როცა პოლიციის ეკიპაჟს ვთხოვე განემარტა, რა ხდებოდა, მათ მითხრეს, რომ 13 დეკემბერს, ზუგდიდში ვმონაწილეობდი ჯგუფურ მსვლელობაში. იმ დროს ზუგდიდში ვიმყოფებოდი და სოციალური ქსელით შევიტყვე, რომ მანქანებით საპროტესტო მსვლელობა ტარდებოდა და მე, როგორც მედიის წარმომადგენელმა გადავწყვიტე, გავყოლოდი და მომემზადებინა მასალა მსვლელობის შესახებ. განვუმარტე საპატრულო ეკიპაჟს, რომ მედიის წარმომადგენელი ვარ და მსვლელობაშიც ვმონაწილეობდი ამ მიზნით. ისინი დაბრუნდნენ მანქანებში, იქ მოილაპარაკეს, სავარაუდოდ, უფროსებთან, თუმცა, როდესაც დაბრუნდნენ მითხრეს, რომ მაინც მეკუთვნოდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით", - განმარტა სალიამ.
მაუწყებელთა ალიანსისა და JRC-ის დირექტორი ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, საპროტესტო აქციაზე ავტომობილით გადაადგილების გამო, მედიის დაჯარიმების პირველი და საგანგაშო შემთხვევაა, რომელსაც გაასაჩივრებენ.
შემთხვევას ეხმიანება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და აღნიშნავს, რომ ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო ფორმად მიიჩნევს, საპატრულო პოლიციას კი მოუწოდებს, უკანონო გადაწყვეტილება გააუქმოს.
ფოტო: JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
მასალის გამოყენების პირობები