აფხაზ ოპოზიციონერს, კან კვარჩიას, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს ტელეგრამის არხი იუწყება.
„50 წლის მამაკაცმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. <...> მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მამაკაცის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, მისი რუსული პასპორტი ძალადაკარგულად გამოცხადდა და ექვემდებარება ჩამორთმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ეხო კავკაზას“ თანახმად, საუბარი, სავარაუდოდ, აფხაზ ოპოზიციონერს, ე.წ. დეპუტატს, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აიდგილარას“ ლიდერს, კან კვარჩიას ეხება.
აფხაზური „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხი AMRA-life, წყაროზე დაყრდნობით, 10 იანვარს იტყობინებოდა, რომ კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
რუსული ტელეგრამის არხი " რიბარი" ასევე წერდა კვარჩიასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და მიუთითებდა, რომ ის, ადგურ არძინბასთან ერთად, „გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო".
გამოცემის ცნობით, კან კვარჩიას ასაკი ემთხვევა, კრასნოდარის მხარეში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას. თავად მას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ კვარჩია 15 თებერვალს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა კანდიდატურა მოხსნა. 19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში მისი მიმართულებით ისროლა „დეპუტატმა“ ადგურ ხარაზიამ. შედეგად, კვარჩია
დაიჭრა, ხოლო მისი კოლეგა, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
2024 წლის აგვისტო ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე
„აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.
ამავე ცნობით, ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა მოსკოვისთვის ინფორმაცია აფხაზური ოპოზიციის იმ დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ. ბჟანიამ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას არ აუღია ვალდებულება, რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, ოპოზიციური ძალები და აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“ მოითხოვეს.
19 ნოემბერს, აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას
გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“
ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება.
ცმობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში,
5 კანდიდატი იბრძოლებს „პრეზიდენტობისთვის“, მათ შორის აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი კონკურენტია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი „ვიცე პრემიერი“, ბადრა გუნბა.
მასალის გამოყენების პირობები