ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს 66 - ე დღეა, რაც მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ და პროევროპულ აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.
პროტესტს აგრძელებს ზუგდიდის აქციების მედროშე, შალვა ესართია, რომელიც 30 იანვარს დააკავეს. მისი თქმით, ის 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლეს. აქტივისტი ამბობს, რომ მას სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174- ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც ნიღბის ტარებას პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გამომსვლელებმა და შეკრებილებმა სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზია ამაღლობელის მიმართ. აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ეჭირათ, ნობელიანტი მწერლის მარია რესას წიგნი: "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი", რომლის პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდში. სწორედ ეს წიგნი ეჭირა სასამართლოზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც 21- ე დღეა შიმშილობს პატიმრობაში.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები