ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განცხადება გააკეთა, უკრაინაში ომის მონაწილეებისთვის აფხაზეთში შესვლის აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ინტერნეტში ვრცელდება ყალბი ამბავი სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია აფხაზური საზოგადოების დესტაბილიზაციისკენ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობა და ხელისუფლება მხარს უჭერენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს და ამაყობენ ჩვენი მებრძოლების მონაწილეობით რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ეხო კავკაზას“ თანახმად, მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზ მებრძოლთა რაზმის მეთაურზე ახრა ავიძბაზე თავდასხმის შესახებ.
ამავე ცნობით, „პროსამთავრობო“ არხი „აფხაზეთის პატრიოტები“ წერდა, რომ 17 თებერვალს, [ადგურ] არძინბას 100-მდე მხარდამჭერმა სცადა ახრა ავიძბაზე თავდასხმა, რესპუბლიკიდან გაძევების მიზნით. აქვე აღნიშნილია, რომ მთავარი პრეტენზიაა რუსების დახმარება „აფხაზეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში“.
მათივე თქმით, ავიძბას სახლში შეიარაღებული პირები მივიდნენ, თუმცა, ახრას ახლობლებმა ისინი სახლიდან გააძევეს.
„არძინბას მომხრეების საქციელი აფსუარას კოდექსის უხეში დარღვევაა, ე.წ. ოპოზიციის მეთოდების მორიგი დემონსტრირება და უკანონობის აშკარა ფაქტი. ახლა ავიძბას ოჯახი ახრას ირგვლივ გაერთიანდა პრორუსული კანდიდატის ბადრ გუნბას მხარდასაჭერად. და ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას პუტჩისტების ძალისმიერი ქმედებების დაბლოკვაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან „სახელისუფლებო არხების“ ბრალდებებს.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზ მებრძოლთა რაზმის მეთაურზე, ახრა ავიძბაზე თავდასხმის შესახებ.
ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითგამოცხადებული "დნრ"-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დამფუძნებელი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას საერთაშორისო ბრიგადა "პიატნაშკას".
ავიძბა აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა.
ოპოზიციაში გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში ახრას ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის ალხასის (ხასიკი) მკვლელობა გახდა.
2023 წლის ნოემბერში ახრა ავიძბამ „დონბასის ველური ბატალიონის“ შექმნის შესახებ განაცხადა:
„ჩვენ გავფართოვდით, „პიატნაშკა“ ერთი დანაყოფია. ხალხი რომ არ შევზღუდოთ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „დონბასის ველური დივიზია“, რომელშიც სხვა დანაყოფებიც შედიან“
2024 წლის აგვისტოში ის
წერდა, რომ აფხაზი მოხალისეები „დონბასის ველური ბატალიონიდან“ კურსკის ოლქში გადაისროლეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური
1 მარტს გაიმართება, მასში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.
ვადამდელი "საპრეზიდენტო" არჩევნები დე ფაქტო რესპუბლიკაში 15 თებერვალს გაიმართა, მასში კენჭს 5 კანდიდატი იყრიდა.
მასალის გამოყენების პირობები