რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ხუთ დღიან ომს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 170 სამხედრო პირი, შს სამინისტროს 19 თანამშრომელი და 244 სამოქალაქო პირი.
2 234 ადამიანი დაიჭრა, 26 000 ადამიანი კი დევნილად იქცა. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში დღეს ომის დროს დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი გაიხსნება, ასევე, ომის დროინდელი ფოტოგამოფენა მოეწყობა.
8-12 აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასე გამოიყურება:
8 აგვისტო – რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვი ჩამოაგდო; რუსულმა СУ-24-მა დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრში, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. შედეგად, 7 სამოქალაქო პირი დაშავდა; 6 რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე – გორიჯვარის დაღმართზე და მესამე – საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე; რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან შემოვიდნენ, ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ჩამოაგდეს და უკან გაბრუნდნენ; რუსულმა სამხედრო ავიაციამ მარნეულის სამხედრო ბაზა სამჯერ და ბოლნისის სამხედრო ბაზა დაბომბა. ორი თვითმფრინავი განადგურდა. დაინგრა შენობა-ნაგებობები და არის მსხვერპლი; 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ გორის საარტილერიო ბრიგადა დაიბომბა;
9 აგვისტო – დაიბომბა ფოთის პორტი, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი; სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობი ჭურვები ჩამოვარდა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი. კვლავ დაიბომბა ვაზიანის პოლიგონი. მეორედ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი; დაიბომბა გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა; ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა; რუსეთის საჰაერო ძალები გორის დაბომბვას აგრძელებენ; კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი; რუსეთის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს; დაიბომბა ონი. რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ჩხალთა, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი დაიბომბა.
10 აგვისტო – რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა განახორციელა, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ ჩამოგდებულ იქნა; გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონში სოფელი კნოლევი დაბომბეს; რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო აფხაზეთზე შეტევა განახორციელეს. რეგიონი რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსული ავიაციის მიერ კვლავ დაიბომბა გორი; რუსულმა ავიაციამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი დაბომბა. შედეგად ხიდზე ხანძარი გაჩნდა; რუსეთის ავიაციამ ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში ჩამოყარა; საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენი” კვლავ რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი გახდა; ორი ავიაგამანადგურებლის მიერ სენაკი დაიბომბა; ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კოდორის ხეობა დაბომბა.
11 აგვისტო – გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური დაიბომბა; რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა კოდორის ხეობა დაბომბეს (ზემო აფხაზეთი); რუსულმა თვითმფრინავებმა ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან) დაბომბეს. დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო; ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს) დაიბომბა; დაიბომბა კოდორის ხეობა; საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა; სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად; რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთით დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი; დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი; სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ.
12 აგვისტო – რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი დაბომბეს.
12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროკავშირის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის განუახლებლობის შესახებ 6-პუნქტიან ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რუსეთის ჯარები 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდნენ, თუმცა რუსეთი ე.წ. “მედვედევ-სარკოზის” შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს.
ამავე დღეს პარლამენტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ აქტის მზადება დაიწყო. საქართველო დსთ-ის დატოვების შესახებ განცხადებას 12 აგვისტოს აკეთებს.
ფოტო: ლევან გაბეჩქავა ამავე თემაზე:
აგვისტოს ომის გმირის დედა: ზუგდიდში დადგმული მემორიალი ჩემთვის შეურაცხმყოფელია (ვიდეო)
აგვისტოს ომის აფხაზეთიდან დევნილი გმირები (ფოტო, ვიდეო)
აგვისტოს ომის გმირები სამეგრელოდან (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები