ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან  - ჯონ პენელთან
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა - ჯონ პენელმა, ზუგდიდში ყოფნისას, რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა.

მან რეგიონში ვიზიტის მიზნებსა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს სამეგრელოსა და უშუალოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე აფხაზეთის რეგიონში, მათ გავლენასა და შედეგებზე მოსახლეობისთვის. მისიის ხელმძღვანელმა, ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის, ე.წ. "უცხო ქვეყნის აგენტის" კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, მედიის გაძლიერების მიმართულებით არსებულ პროგრამებზე, USAID - საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების მიზნით მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.
რადიო ათინათი: ბატონო პენელ, უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხოთ თქვენი სამეგრელოში ვიზიტის შესახებ, რამდენადაც ვიცი, პირველად სტუმრობთ ჩვენს რეგიონს?

ჯონ პენელი:
დიდი მადლობა! დიახ, მე პირველად ვარ სამეგრელოში, ძალიან ბევრი მსმენია ამ ლამაზი რეგიონის შესახებ. მართლაც, ლამაზი დღეა დღეს, კარგი ამინდია. სწორედ დღეს ვიმყოფებოდი "ფერეროში", სადაც შევხვდი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მუშაობენ თხილის წარმოებასა და ექსპორტზე და ხელს უწყობენ საქართველოს ფერმერებს. ასევე ბევრი რამ მსმენია აქაურ ხალხზე, ბუნებასა და საოცარ სამზარეულოზე. ამიტომ, მართლაც კარგი შესაძლებლობა მომეცა, რომ აქ ჩამოვსულიყავი.

ჩემი ვიზიტის მთავარი მიზეზი ხალხის, ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი პროგრამების ბენეფიციარების გაცნობაა. სამეგრელო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი რეგიონია საქართველოში, სწორედ ამიტომ USAID აქ რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 აქტიური პროგრამა გვაქვს.

როგორც უკვე გითხარით, სულ ახლახან დავბრუნდი შეხვედრიდან, რომელიც "ფერეროს" წარმომადგენლობასთან გაიმართა. ეს არის კომპანია, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება ფერმერებს თხილის ხარისხის გაუმჯობესებაში, ექსპორტის პოტენციალის გაზრდაში, რასაც დადებითი გავლენა აქვს საქართველოს ფერმერებზე, ბიზნესზე და არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელს ქვეყანაში. გარდა ამისა, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ბოლო დროს ბევრი გვესმის სამოქალაქო საზოგადოების შესახებ. მაგრამ რა არის სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოება? ესაა ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ერთიანდებიან იმისათვის, რათა წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში და დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამაში დებს USAIDინვესტიციებს: ჩვენ პარტნიორობას ვიწყებთ ისეთ ადამიანებთან, ვინც დახმარებას უწევენ სხვებს.

რადიო ათინათი:
აშშ-ს საელჩო მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. საქართველოში USAID-ის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროექტებს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში. სანამ მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე გკითხავდეთ, მინდა გთხოვოთ, რომ შეაფასოთ ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში, ვგულისხმობ ე.წ. "უცხო აგენტის" შესახებ კანონპროექტის ინიცირებას, შემდეგ კი ინიციატორების მიერ ამ კანონპროექტის ჩაგდებას, რაც მოჰყვა 7-8-9 მარტის პროტესტს?

ჯონ პენელი: დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე კანონი უცხოელ აგენტებზე ჩვენთვის საკმაოდ შემაშფოთებელი იყო. ჩვენი, ამ შემთხვევაში, ამერიკის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის რა სურს, რა იქნება უკეთესი მოსახლეობისთვის: კეთილდღეობა, უსაფრთხოება და თავისუფლება. და მათ იციან, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საუკეთესო გზაა მიზნის მისაღწევად. ეს ჩემი სიტყვები არაა. ეს არის იმ მრავალი, დამოუკიდებლად ჩატარებული გამოკითხვების შედეგები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ სურთ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ამ უსარგებლო "რუსული კანონის" მიღება საქართველოს არც ევროკავშირთან დააახლოებდა და სამოქალაქო საზოგადოების დემონიზაციით სრულიად საპირისპირო ეფექტი ექნებოდა.

საქართველოს მოსახლეობა ექსპერტებივით არიან, რომლებიც ერთიანდებიან სხვების დასახმარებლად. ამ კანონპროექტმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას თავისუფლად დაეხმარონ ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, მოწყვლად ბავშვებს, ძალადობის მსხვერპლთ, თხილის ფერმერთა ასოციაციებს და სხვებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას. ეს კანონი მართლაც საფრთხეს შეუქმნიდა მათ და მოხარულნი ვართ, რომ გამოიწვიეს საბოლოო ჯამში ეს კანონი.

რადიო ათინათი: როგორია ამ ეტაპზე, მათ შორის USAID-ის დაფინანსებით და მხარდაჭერით მოქმედი მეწარმეების, ბიზნეს სექტორის სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები ? მათი უნარი გაუმკლავდნენ რისკებს, რომლებიც შეიძლება დაემუქროს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას? ანუ, მიღწეულ შედეგებს როგორ შეაფასებდით?

ჯონ პენელი: საქართველოში, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე კერძო სექტორი საკმაოდ აქტიურები არიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე განსაკუთრებით უნდა ამაყობდეს მათი აქტიურობით. როგორც უკვე ვახსენე, შესაძლებლობა მქონდა მომენახულებინა "ფერეროს" კომპანია საქართველოში. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანია საერთაშორისოა, თანამშრომლები და მენეჯერი ქართველები არიან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს ფერმერებს გააუმჯობესონ თხილის ხარისხი და დააკმაყოფილონ ევროკავშირის და გლობალური სტანდარტები, რაც შესაძლებლობას მისცემს ამ ფერმერებს გაზარდონ შემოსავლები, ასევე ხელს შეუწყობს, როგორც ამ რეგიონის ეკონომიკურ, ასევე მთელი ქვეყნის განვითარებას.

სამეგრელოს რეგიონში თხილის მიმართულებით 2015 წლიდან ვმუშაობთ. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც "ფერეროსთან" პარტნიორობით განვახორციელეთ 35 000-ზე მეტ ფერმერს გაეზარდა შემოსავლები, შეიქმნა ასობით სამუშაო ადგილი და დაეხმარა ადგილობრივ საწარმოებს გაყიდვებიდან მიეღოთ 150 მილიონი აშშ დოლარი, რომელთა 60%-ზე მეტი ევროკავშირში გავიდა. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენც წვლილი შეგვაქვს ამ სექტორის პოპულარიზაციაში. თუმცა არის კიდევ სხვა მრავალი სექტორი, რომელთაც ასევე მხარს ვუჭერთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მხარს ვუჭერ შემოქმედებითი ინდუსტრიის, ICT- საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის და მსუბუქი მრეწველობის განვითარებას. ეს კიდევ ის რამდენიმე სექტორია, სადაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ საქართველოს კერძო სექტორს და მეწარმეებს. ამ ფაქტით საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იამაყოს.

რადიო ათინათი: აფხაზეთის რეგიონთან დაკავშირებით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზეც მინდა გკითხოთ, რთული გეოპოლიტიკური ვითარების და უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთში "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონში შესულ ცვლილებების გავლენით, ხომ არ შეიზღუდება სოხუმში საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობები?

ჯონ პენელი: ასე ვიტყოდი, ჩვენ გვაქვს "ძლიერი სოფლის პროგრამა", რომელიც მუშაობს 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 90-93 თემში, როგორც აფხაზეთთან, ასევე სამხრეთ ოსეთთან მდებარე სოფლებში. მომავალშიც გავაგრძელებთ იქ აქტიურ მუშაობას, ამასთან ორიენტირებულნი ვართ ამ სოფლების მედეგობის გაძლიერებაზე, მათი ეკონომიური შესაძლებლობების შექმნაზე. ვმუშაობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა გაუმჯობესდეს მათი შემოსავლები. შეიქმნას მეტი მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც დაუკავშირდებიან ძლიერ კერძო სექტორს და მათთან წარმატებულად ითანამშრომლებენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა და ასევე დავეხმაროთ ჩვენს ქართველ პარტნიორებსაც, გაუმკლავდნენ ამ საკითხებს, აქვე, სამეგრელოში. როგორც უკვე ვახსენე, მარტო სამეგრელოში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გვაქვს 20 პროგრამა. მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეების განვითარების. ვთანამშრომლობთ, სამოქალაქო საზოგადოებასთან, გვაქვს დემოკრატიული მმართველობის, სამოქალაქო განათლების, ზოგადი განათლების პროგრამები. გვსურს, რომ საქართველოს ახალგაზრდებმა შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის სამუშაო ბაზარზე. რეალურად ყველა ის პროგრამა, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - დაეხმაროს საქართველოს, მიაღწიოს იმ დასახულ ამოცანას, რაც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში - გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი.

რადიო ათინათი: რადიო "ათინათი" 7 წელი იყო ჩართული M-TAG-ის პროგრამაში, რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ახორციელებდა. ამ პროექტის ფარგლებში ვამზადებდით ქართულ-აფხაზურ გადაცემებს და სხვა მედია პროდუქტს. რა თქმა უნდა, მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ თავისუფალი მედიის როლს, რეგიონული მედიის გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის დეზინფორმაციას წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ მიმართულებით როგორია USAID-ის მხარდაჭერა და გეგმები?

ჯონ პენელი: დიდი მადლობა კითხვისთვის. ვფიქრობ, ასეა გლობალურადაც, ამერიკაშიც კი და საქართველოშიც - სამწუხაროდ საინფორმაციო სივრცეში ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია. ამ მიმართულებით წლებია ვმუშაობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც თქვენც ჩამოთვალეთ. ამჟამად გვაქვს სამი მიმდინარე პროგრამა, რომელიც მედია წიგნიერების გაძლიერებასა და მის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ მიდიას და ვაწვდით მათ იმ საჭირო რესურსებს, რაც აუცილებელია დამოუკიდებელ მედიისთვის, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ ის მნიშვნელოვანი საქმე რასაც აკეთებენ. ასევე, ვეხმარებით ცნობიერების ამაღლებაში, რათა მოსახლეობამ გაარჩიოს რა არის დეზინფორმაცია და როგორ შეიძლება მისი ფაქტებით გარჩევა. ასევე ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორი ხერხებით ცდილობენ ამ დეზინფორმაციის გავრცელებას და შემდგომ დავეხმაროთ მასთან ბრძოლაში. ეს მართლად გადამწყვეტია და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ მუშაობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.