"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ფარული მასალები ჟურნალისტური გამოძიების შედეგია.
როგორც გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ჟურნალისტს იცავს კანონი წყაროს არ გამხელასთან დაკავშირებით და ეს წყარო მანაც არ იცის. გვარამია ვარაუდობს, რომ დღეს სწორედ აღნიშნული ვიდეომასალის გამოქვეყნების და მოპოვების თაობაზე დაიკითხება.
"დაზუსტებით ცნობილი არ არის თუ რაზე ვარ დაბარებული. სავარაუდოდ, საკითხი ჩვენს მიერ გუშინ გავრცელებულკ მასალის მოპოვებას ეხება. ეს არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგი და ჟურნალისტს იცავს კანონი წყაროს არ გამხელასთან დაკავშირებით. ეს წყარო ჟურნალისტს ჩემთანაც არ გაუმხელია. შესაძლოა კითხვები დამისვან იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია და ეხება ჩვენთან ფარული მიყურადების ტექნიკის აღმოჩენას", - აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.
მასალის გამოყენების პირობები