საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მოინახულა.
"ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებთან შეხვედრისას.
საქართველოს მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად დღეს კიბოს ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პრემიერის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებული 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბავშვებს გამოჯანმრთელება უსურვეს, საჩუქრები გადასცეს და მათ მშობლებს სრული თანადგომა აღუთქვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებთან და სამედიცინო პერსონალთან საუბრისას განაცხადა, ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სოლიდარობას.
"ჩვენი ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი ძალიან წარმატებულად მუშაობს. ფონდს უკვე დაახლოებით 25 ათასი საჯარო მოხელე შეუერთდა, რომლებიც ყოველთვიურ შენატანებს აკეთებენ. ამ იდეაზე დიდხანს ვფიქრობდი. ძალიან განვიცდიდი, რომ სახელმწიფო სრულად ვერ ეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს. სწორედ აქედან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეა. ჩვენ ყველანი გავერთიანდით იმ მძიმე სენის წინააღმდეგ, რასაც ონკოლოგიური დაავადებები ჰქვია", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები