ჯერ უცნობია, როდის შეუერთდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სასჯელაღსრულების სამინისტროს. აღნიშნული ცვლილების შესახებ მოსაზრება სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ გამოთქვა.
ინიციატივის განხორციელების ვადები დამოკიდებულია მთავრობის პროცედურებზე. კერძოდ, დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოამზადა, თავდაპირველად გაეგზავნა სხვადასხვა უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე უცხოელ პარტნიორებს.
"მათგან უკვე მივიღეთ შენიშვნები, მოხდა მათი დამუშავება და ნაწილის გაზიარება. უახლოეს დღეებში მინისტრი ცვლილებების პროექტს წარადგენს მთავრობაში, რათა მოხდეს მისი პარლამენტში ინიცირება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, სამინისტრო იქნება ერთიანი უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ყველაფერზე, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გადავა სამინისტროს დაქვემდებარებაში. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სამინისტროს დაქვემდებარებაში გაერთიანდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რაც ამ დრომდე ცალკე განესაზღვრება.
რაც შეეხება დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს, შალვა ხუციშვილის თქმით, ამ კუთხით ის კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან მის კომპეტენციაში არ შედის.
მასალის გამოყენების პირობები