ახალი ამბები
იმედია, თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის და კანონს არ მიიღებენ - აფხაზი ვეტერანი თბილისში „აგენტების“ წინააღმდეგ პროტესტს გულშემატკივრობს
აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის მომიტინგეებს, რომლებიც „აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.

მან წარმატებების უსურვა და აქვე, ხაზი გაუსვა მათ მიერ, ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ აფხაზების პროტესტის მხარდაჭერას. მისი თქმით, ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა სოხუმში სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ კიდევ მოელის.

"ჩემი და თანამოაზრე ადამიანების სახელით სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას მათ პროტესტში უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ.

ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ ჩვენი პროტესტის მიმართ და პროტესტი უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ წინ გველოდება.

იმედია, თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის და კანონს არ მიიღებენ. გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს თქვენი მიზნის მიღწევაში", - დაწერა ზუხბამ ფეისბუკში 2 მაისს.

მის პოსტს გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიციური პარტია "ამცახარა", რომელმაც ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანებსა და ოპოზიციურ პარტიებს ზუხბას ნათქვამის შეფასებისკენ მოუწოდა:

"გაკვირვებით და აღშფოთებით ვკითხულობთ ფეისბუკში 1992-1993 წლებში აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანის პოსტს. ჯერ ერთი, როგორ შეუძლია აფხაზეთის მოქალაქემ და აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანმა სოლიდარობა გამოუცხადოს 2008 წლის ომის დამწყებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, უკიდურესი ნაციონალიზმის იდეოლოგიის მომხრეებს, რომლებიც უარყოფენ თვით აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის იდეას.

მეორეც, მოქალაქე ზუხბა თავისი და თანამოაზრეების სახელით მადლობას უხდის ქართველ ნაციონალისტებს ბიჭვინთის შეთანხმების საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის. აფხაზეთის ოპოზიციური ძალები აკრიტიკებდნენ ბიჭვინთის შეთანხმებას, მაგრამ როგორი იყო ეს მხარდაჭერა?

მესამე, მოქალაქე ზუხბა საუბრობს აფხაზეთში მოსალოდნელ პროტესტზე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპროტესტო აქციები თბილისში და მომავალი საპროტესტო აქციები აფხაზეთში კოორდინირებულია ერთი ცენტრიდან?

და ბოლოს, შეკითხვა პირადად მოქალაქე ზუხბას: ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები?", - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა და გააკრიტიკა ზუხბა ქართველების მხარდაჭერის გამო, ნაწილმა, კი დადებითად შეაფასა მისი პოზიცია, განსაკუთრებით კი კანონთან დაკავშირებით:

- "როგორ შეიძლება გამოხატო სოლიდარობა მათთან, ვისი მთავარი ლოზუნგია "აფხაზეთი საქართველოა". წარმატებები უსურვო ქართულ ოპოზიციას, რომელიც "მეორე ფრონტის" მომხრეა და "აფხაზეთი საქართველოა"-ს სკანდირებს, საშინელებაა".

- „ქართველები, რომლებიც აფხაზეთს საქართველოდ თვლიან, ჩვენი მტრები არიან".

- "ლაშა, ისინი ჩვენთვის არ არსებობენ. ჩვენ არ გვჭირდება ისინი!"

- "სოლიდარობის თვალსაზრისით, ვინც უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებს, შეიძლება დათანხმება. ასეთი კანონი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული და ნებისმიერ ქვეყანაში მისი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენება, მიუხედავად მათი ეროვნებისა. რაც უფრო დემოკრატიულები არიან ქართველები, მით ნაკლები იქნება მომავალში კიდევ ერთი კონფლიქტის შანსი, თუმცა ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ".

- "დასავლეთისგან, მთელი სამყაროსგან იზოლირება, ყველაფრის დათმობა და საკუთარ წვენში ხარშვა, უკვე გამოვიარეთ! ღმერთმა არ ქნას. მე პირადად მესმის მათი, ვინც კანონს აპროტესტებს. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მათთან მოლაპარაკება და კარგი იქნება, თუ მშვიდობიანად შევთანხმდებით, ვიყოთ კარგი მეზობლები… მშვიდობას ვუსურვებ მათ, ჩვენ და მთელ კავკასიას!ომს ყოველთვის მშვიდობიანი მოლაპარაკება სჯობს!"

- „კანონის სახელწოდება არაფერს ამბობს. მასში არსებული ნორმებია მნიშვნელოვანია. რუსეთში, სავარაუდოდ, იგივე კანონით, მაგრამ ბუნდოვანი ნორმებით, არსებითად აკრძალული იყო ნებისმიერი საზოგადოებრივი საქმიანობა. სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად ჩაკლეს. იგივეს აკეთებენ ახლა აფხაზეთში. და ეს მაშინ, როცა აფხაზეთისთვის ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მის შესახებ მსოფლიომ იცოდეს 92-93 წლების ომის რეალური მიზეზებისა და შედეგების შესახებ. როგორ შეგიძლია სამყაროსთან კომუნიკაცია მისი წარმომადგენლების გარეშე?“

-„წავიკითხე და ამიტომაც, ვწერ, მაქვს წარმოდგენა მასზე, ამ კომენტარების ავტორების უმრავლესობისგან განსხვავებით. მთავარია, რომ უცხოეთის აგენტის სტატუსის მინიჭება აშშ-ში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, ვთქვათ, რუსეთის კანონმდებლობისგან განსხვავებით, სადაც მას „აკრავენ“ ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და ამ სტატუსის გამოწვევის შესაძლებლობის გარეშე“.

თავად ზუხბამ კომენტარების საპასუხოდ დაწერა:

„შემიძლია გითხრათ, რომ აქციის მონაწილეებთან სოლიდარობა, მხოლოდ ამ საკითხზე სოლიდარობას გულისხმობს და არა სხვას არაფერს“

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში 7 თებერვალს შეიტანა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

აფხაზური ოპოზიცია ითხოვს, რომ ბჟანიამ ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიოს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც „საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. კანონპროექტის განხილვა მრავალათასიანი აქციების ფონზე მიმდინარეობს, პროტესტები უკვე მესამე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
25 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.