არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუ ახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით,
ამ ძალიან სერიოზული სენით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის "ქალები სამართლიანობისთვის" შეხვედრაზე განაცხადა.
"საჭირო არის, რომ ერთად გავმართოთ საინფორმაციო კამპანია და დავანახოთ, რაც ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ვაჩვენოთ რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი თავიანთი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. ვასწავლოთ, როგორ დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდე ჩავერთვები. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.
"ამ საკითხზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ფინანსურის გარდა, მეორე ნაწილი ეხება საზოგადოებას. ჩვენ ეს ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად უნდა მივიღოთ. პრობლემა გონებაში წყდება. ამავე დროს, უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეტი რესურსები გვქონდეს. ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. თბილისში ნელ-ნელა გადავდივართ ევროპულ ნორმებზე, მაგრამ რაიონებში ამ კუთხით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამაზეც ერთად ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა არის პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმა, რაზეც შეიძლება, ერთად შევთანხმდეთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა გარკვეული ჯგუფები ამ ერთიანობის დარღვევას ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ.
"სულ ვფიქრობთ, რას ველოდოთ, რას მოგვცემს ეს მთავრობა, ევროპა ან ამერიკა. ხელგაშლილი ვდგავართ და ველოდებით, თან ვამბობთ, რა გვეშველება. მოვდივარ, რომ გითხრათ და ერთად ვთქვათ, რომ გვეშველება, ვუშველით ჩვენს თავს და არამხოლოდ ვუშველით, არამედ ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი. იქ გვაქვს ტოლერანტობა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში.
ჩემთან მოვიდა ჯერ აზერბაიჯანელი ქალების წარმომადგენელი, შემდეგ სომეხი ქალი. ჩვენ ვცხოვრობთ ერთად და გვაქვს ერთმანეთის პატივისცემა. ეს მსოფლიოში და თუნდაც ევროპაში რაღაც გამონაკლისი იშვიათობა გახდა, მაგრამ ჩვენ ეს საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ. თუმცა ვიღაცები ცდილობენ ეს ერთიანობა დაარღვიონ, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ეს მხოლოდ მტერს თუ სურს.
ჩვენ ვართ ძლიერი ქალები, ვართ ძლიერი ქვეყანა, რადგან ერთად ვართ. თქვენ ჩემთან ერთად იქნებით საქართველოს ქალი პრეზიდენტები", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები