აფხაზეთში კერძოდ, ტყვარჩელში რამდენიმე ათეული ადამიანი მოიწამლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლა სასმელ წყალში კანალიზაციის შერევამ გამოიწვია.
დაზარალებულთა უმეტესობა მოზარდია. ისინი საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები.
როგორც აფხაზეთში მცხოვრებმა თამარ ხოფერიამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”- თან საუბარში აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობა სამი-ოთხი დღეა საავადმყოფოებს აკითხავს, მათ აღენიშნებათ მაღლი ტემპერატურა.
მისივე თქმით, აფხაზეთის ადმინისტრაციული ორგანოები აცხადებენ, რომ აღნიშნული მიზეზი სასმელი წყალი არ არის, მოსახლეობა კი ამბობს, რომ კალანიზაცია იქ ჩაედინება, სადაც სასმელი წყლის მილები გადის.
,,სულ 38 ადამიანია ავად. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. თბილისისკენ მათ ვერ გადმოვიყვანთ, რადგან ამისთვის ნებართვა იქნება საჭირო, რომელსაც არ იძლევიან” - აცხადებს თამარ ხოფერია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარობის ჯანდაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის განცხადებით კი, მოწამლულია დაახლოებით 280 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
,,მათი უმეტესობა ოჩამჩირის და გალის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეს შემთხვევები დაკავშირებულია სასმელ წყალთან, კანალიზაციის შერევასთან. აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ამ ადამიანებს ყველა სახის დახმარება გაუწიოს”- აცხადებს ქეთევან ბაკარაძე.
აფხაზეთში ვირუსული ინფექციის გავრცელების შესახებ რუსული მედიაც წერს.
,,კავკასკი უზელის” ცნობით, ენტერო-ვირუსული ინფექციით ტყვარჩელში 80-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა, რომლებიც ტყვარჩელის და სოხუმის საავამდყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის სკოლებში და ბაღებში კარანტინი გამოცხადდა.
ე.წ. ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ მათ წყლის ნიმუშები უკვე აიღეს, რის შემდეგაც გაირკვევა რამ გამოიწვია ადამიანების მოწამვლა.
მასალის გამოყენების პირობები