აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანმა, ალექსანდრე ანქვაბს ტელეფონით ტყვარჩელში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბოლო 24 სათის განმავლობაში იქ ნაწლავური ინფექციის გავრცელება აღინიშნა, – წერს აფსნიპრესი. ზურაბ მარშანის ინფორმაციით დაავადების პიკმა იკლო, ბოლო 12 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ 6–მა პაციენტმა მიმართა. კლინიკური სურათი იგივე რჩება. გასულ ღამეს ბიო–მასალების კვლევების შედეგები დაიდო. გამოვლინდა ორი შეთავსებული ინფექცია: დიზენტერია და როტავირუსული ინფექცია, რამაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში მასობრივი დაავადება გამოიწვია. დაავადების პროფილაქტიკა სტანდარტულია – ანადუღარი წყლის მიღება და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები დაცვა,–წერს ინტერნეტგამოცემა. წყლის ანალიზის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. ზურაბ მარშანის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დე–ფაქტო სამინისტრომ როტავირუსული ინფექციის წინააღმდეგ 2 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია ჩაატარა, რაც ეფექტური იყო. მარშანის თქმით, არ დაფიქსირებულა როტავირუსული ინფექციით ორ წლამდე ბავშვების დაავადების არც ერთი შემთხვევა.
მასალის გამოყენების პირობები