„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში დღეს, 4 დეკემბერს ახალი კვლევის - ე.წ „ბრუნავი კარის“ პრეზენტაცია გამართეს. კვლევა, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას და ამ პროცესებთან დაკავშირებულ კორუფციის საფრთხეებს გულისხმობს.
როგორც შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ განმარტა, „ბრუნავი კარის“ პროცესი პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც ბიზნესიდან სახელმწიფო თანამდებობაზე მოსული პირები თავიანთი მდგომარეობას კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ. მისივე თქმით, ასევე მაშინ, როდესაც ბიზნესში წასული ყოფილი თანამდებობის პირები, ხელისუფლებაში შენარჩუნებული კონტაქტები და გავლენის წყალობით, ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.
„გამჭვირვალობის“ კვლევაში საუბარია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებზე რომლებსაც ბიზნესინტერესები გააჩნიათ. მათ შორის არიან: კანდიდ კვიციანი, რუსუდან კერვალიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, დავით კეზერაშვილი, კახი კალაძე და ა.შ.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ანალოგიურ კვლევას სამეგრელოს მასშტაბითაც ატარებენ, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.
ერთ საათიანი შეხვედრის ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებული ფილმი - „რა უნდა იცოდეს ხალხმა?“ უჩვენეს. ფილმში ასახული იყო, ხელისუფლების მხრიდან, მესტიასა და ანაკლიაში კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტები.
მასალის გამოყენების პირობები