2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები დღეს, 12 დეკემბერს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განიხილეს.
მთავრობის წარმომადგენლებმა მომდევნო წლის ბიუჯეტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ასევე, პროფესორ-მასწავლებელებსა და სტუდენტებს გააცნეს. 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია: ჯანდაცვა დ სოციალური დახმარებები, განათლება, სოფლის მეურნეობა, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. შეხვედრის მონაწილეებმა კითხვები ძირითადად საბავშვო ბაღების, ინფრასტრუქტურისა და დევნილების საკითხზე დასვეს. შეხვედრაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული თემები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის და სწორედ მათ უნდა წარუდგინონ მთავრობას მუნიციპალიტეტისთვის საჭირო პროექტები. მისვე თქმით, ცხადია ყველა პრობლემური საკითხი ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება. თავის მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ უკვე 100-ზე მეტი პროექტი აქვთ წარდგენილი. მათ შორის, კომბინატის დასახლებაში სტადიონის, ყინულის სასახლის, გზების, ხიდ-ბოგირების, 10-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა და ა.შ. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა NDI-ს წარმომადგენელი საქართველოში ლიუს ნავარო. მან დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. „ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეძლებოდათ ინფორმაციის მიღება 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე. ასევე, კონსულტაციები გაგრძელდება 2014 წლის გაზაფხულისთვის, როდესაც პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტზე მზადებას დაიწყებს , - განუცხადა ჟურნალისტებს ლუის ნავარომ. პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ბიუჯეტის განხილვა მის დამტკიცებამდე სჯობდა. „მაგრამ სულ, რომ არ გვემსჯელა იმას მანც ეს ჯობდა. ამასთანავე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს წუხილს, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის დამტკიცება ოპონენტების გარეშე მოგვიწია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ებაინოიძემ. ცნობისთვის, 2014 წლის ბიუჯეტი გუშინ 11 დეკემბერს პარლამენტმა 86 ხმით არც ერთის წიინააღმდეგ დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელბი ბიუჯეტის დამტკიცებას არ ესწრებოდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანო სოსო ჯავლიანისა და გიორგი ბარამოძის დაპირისპირების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები