ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიას მოსახლეობის თქმით, დიდთოვლობის გამო, სოფელთან მისასვლელი გზა სამი დღეა ჩაკეტილია.
სოფლის მოსახლეობის განმარტებით, ამ დროის განმავლობაში გზების გასაწმენდად ადგილზე შესაბამისი სამსახურები არ გამოჩენილან და გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ამის შესახებ ტყაიის მოსახლეობამ დღეს, 12 დეკემბერს მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ქალაქში სამი დღეა ვერ გავდივართ. ვერც სოფელ რიყის გავლით გამოვედით, იქაც არ არის გზები გაწმენდილი. ბოლოს რუხის ხიდზე გავედით და ისე მოვაღწიეთ ქალაქამდე“, - ამბობს სოფელ ტყაიას მკვიდრი დემურ ფიფია.
თავის მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისკენ მიმავალი გზა გაწმენდილია.
„ყველა ცენტრალური, საავტომობილო გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და სოფლის აღმართებზე ტექნიკური მარილიც დაყრილია,“-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.
ცნობისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, დიდთოვლობისა და მოყინული გზების გამო დილის საათებში გადაადგილება შეზღუდულია.
მასალის გამოყენების პირობები