ორი მოწმე დაიკითხა დღეს, 23 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას პროცესზე.
ქარდავას ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედება , რაც ადამიანის წამებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ცნობით, მეგის ქარდავამ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ბრალდებული ბელა როგავა აწამა. როგავა ამჟამად სასჯელს ქალთა #5 დაწესებულებაში იხდის.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით მარინა დგებუაძე იქნა დაკითხული, რომელიც ბელა როგავასთან ერთად იხდიდა სასჯელს, ასევე დაიკითხა ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორის უმცროსი ინსპექტორი დავით სხულუხია.
მარინა დგებუაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ იზოლატორში მოთავსების დროს ბელა როგავას სახის არეში სილურჯე აღენიშნებოდა, ჩამტვრეული ქონდა კბილი და მარცხენა ხელზე სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობა ეტყობოდა.
დგებუაძემ აღნიშნა, რომ როგავა მეგის ქარდავას მიერ მისი ცემის ფაქტზე საუბრობდა.
მეორე მოწმემ დავით სხულუხიამ კი განაცხადა, რომ ბელა როგავას იზოლატორში განთავსების დროს მხოლოდ ტუჩზე ოდნავი შესიება აღენიშნებოდა და სხვა დაზიანებები არ ჰქონია.
სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარი მოწმე ბელა როგავა წინა პროცესზე დაკითხა. დაცვის მხარემ დღეს პროცესზე აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული ბელა როგავა ცრუ ჩვენებებს იძლევა და მისი ჩვენებები არ არის სანდო.
ცნობისთვის, მეგის ქარდავა ამჟამად მიმალვაშია და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხდებული.
მასალის გამოყენების პირობები