ზუგდიდში სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით შეავათიანი მგზავრობის პროგრამა მომდევნო წლის დასაწყისში ვერ ამოქმედდება. ამის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ საკრებულოზე განმარტა, სტუდენტებისთვის შეღავათიანი მგზავრობის პროგრამაზე კომისია ჯერ კიდევ მუშაობს. თუმცა მისივე თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ ის არის დაზუსტებული, რომ შეღავათიანი მგზავრობით სოციალურად დაუცველი სტუდენტები 2014 წლის იანვრიდან უკვე ისარგებლებენ.
"საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული , როდესაც შემუშავდება შესაბამისი დებულება. მონაცემთა ბაზის სრულად დადგენის შემდეგ ბიუჯეტში ყოველთვის გამოიძებნება ამისთვის სახსრები", - უთხრა რადიო "ათინათს" ნანი მიქენაიამ.
დღევანდელ საკრებულოს სხდომას რამდენიმე სტუდენტიც ესწრებოდა. მათი თქმით, შეღავათიანი მგზავრობის ამოქმედება მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების მიზანშეწონილი არ არის. ისინი ავტორიზებული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის ითხოვენ მუნიციპალური ტრანსორტით შეღავათიანი მგზავრობას.
ცნობისთვის, ზუგდიდის 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განმარტების ბარათში აღნიშნულია, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება სტუდენტთა შეღავათიანი მგზავრობის პროგრამა მუნიციპალური ტრანსპორტით. აღნისნული პროგრამა, როგორც გამგეობის წარმომადგენლები განმარტავდნენ, მომდევნო წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
მასალის გამოყენების პირობები